დამკვეთი
თბილისის განვითარების მუნიციპალური ფონდი
მისამართი
კოსტავას ქუჩა, თბილისი
ფართობი
წელი
2024
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები კოსტავას ქუჩაზე
XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ოლღას (ახლანდელ კოსტავას) ქუჩაზე აგებული სახლების თავდაპირველი არქიტექტურა სულ სხვაგვარი იყო. სამოცდაათიან წლებში შენობების ფასადებს რესტავრაცია ჩაუტარდა. საავტომობილო გზის განტვირთვის მიზნით სავალი ნაწილი გაფართოვდა, ტროტუარმა კი შენობების სიღრმეში გადაინაცვლა, რის გამოც, პირველი სართულის გზისპირა ნაწილი გაიხსნა და მოეწყო „პასაჟის“ ტიპის დერეფანი თაღებითა და ღიობებით. საფეხმავლო გზის პარალელურად გაჩნდა სავაჭრო ობიექტები.
ოთხი შენობისგან შემდგარი ურბანული ქსოვილი ნახევარი საუკუნის შემდეგ კვლავ რესტავრაციას საჭიროებს, ამჯერად, ხანგრძლივი ექსპლუატაციისა და კლიმატური პირობების მავნე ზემოქმედებისგან დაზიანებული ფასადებისა და სახურავების აღდგენა-მოწესრიგების მიზნით.
თბილისის განვითარების ფონდის მიერ გამოქვეყნებული საპროექტო დავალება ითვალისწინებდა ფასადების საფუძვლიან კვლევასა და შემდგომი რესტავრაციის პროექტის მომზადებას. კერძოდ, რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს კოსტავას ქუჩის 6, 8, 10 და 12 ნომერი საცხოვრებელი სახლების ქუჩის მხარეს გამომავალ ფასადებსა და სახურავებს.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსიდან გამომდინარე მთავარი პირობა შენობების ავთენტური იერსახის დაბრუნება-შენარჩუნებაა. ამიტომ პირველ ეტაპზე საჭირო იყო შენობების დეტალური შესწავლა: ფერთა კვლევა (რათა დადგენილიყო ფასადების პირვანდელი, ავთენტური ფერები), სამშენებლო მასალის თავსებადობისა და ხარისხის დადგენა, ხელოვნებათმცოდნის კვლევა, კონსტრუქციული საექსპერტო დასკვნა, არქიტექტურული პირველადი რეკომენდაციები, დაზიანებების ამსახველი ფოტო მასალა და კონსტრუქციული ნაწილი.
ადგილი, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოებია დაგეგმილი, ძველი თბილისის ერთ- ერთი გარეუბანი იყო. დასახლებას ვარდისუბანი ერქვა. ქალაქი თავისუფლების მოედნიდან ახლანდელი რუსთაველის გამზირის მიმართულებით განვითარდა და არსებული სახით XIX საუკუნის მიჯნაზე ჩამოყალიბდა. ამ პერიოდში აშენდა მელიქ აზარიანცის ცნობილი სახლი და ზემელის აფთიაქი, რის გამოც უბანს „ზემელი“ ეწოდა. სასტუმრო „ივერიის“ (ახლანდელი „რედისონი“) წინ არსებული მოედნის რეკონსტრუქციის დროს ზემელის აფთიაქი დაანგრიეს. სარეაბილიტაციო შენობებს შორის არის არამიანცის ცნობილი სახლიც, რომელიც თავის სატრფოს, ლამაზმან ევგენია შხიანცს აუშენა.
სარეაბილიტაციო შენობების არქიტექტურული სტილი ეკლექტურია. შეიცავს ფსევდოკლასიცისტურ და ფსევდორენესანსულ მომენტებს. მრავლად არის გამოყენებული მაშინდელ თბილისში გავრცელებული ორნამენტების მთელი სპექტრი. ნაგებობები ძირითადად ორ და სამსართულიანია.
შენობების რეაბილიტაციის შედეგად გაუმჯობესდება დარღვეული ურბანული ქსოვილი და მიკრო უბანს შეუნარჩუნდება თვითმყოფადი არქიტექტურული იერსახე.
აღსანიშნავია, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე სხვა სახლების რეაბილიტაციაც მიმდინარეობს, რაც ამ პროექტების კორელაციას მოითხოვს.
















