თბილისის ცენტრალურ ნაწილში, სასტუმრო „რუმსსა“ და მეტროსადგურ “რუსთაველს” შორის მდებარე თაღებიანი ოთხი შენობის ჯაჭვი, რომელიც ქვეითთა ტროტუარს უერთდება და ერთგვარ გვირაბს ქმნის, დიდი ხანია რეაბილიტაციას საჭიროებს. თბილისის განვითარების ფონდის ინიციატივით მოწესრიგდება შენობების ფასადები და შეკეთდება ნაწილობრივ დაზიანებული სახურავები. აღსანიშნავია, რომ შენობებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, ამიტომ ტენდერში მონაწილე კომპანიას, აუცილებლად მოეთხოვებოდა შესაბამისი გამოცდილება.
ანაზომების შესრულებისას დეტალურად ვიკვლევთ ექსტერიერზე არსებული ორნამენტების, კარნიზების, ბარელიეფების, რუსტების და კაპიტელების,მოაჯირებისა და ა.შ. ლოკალურ დაზიანებებს. ტექნიკური დავალების მიხედვით, პროექტი უნდა დამუშავდეს როგორც კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის, ასევე ფონური ღირებულებების (არაძეგლის) მქონე შენობა-ნაგებობების ინტერესების გათვალისწინებით.
პროექტი უნდა ითვალისწინებდეს ფასადზე არსებული ამორტიზებული და ქაოსურად განლაგებული საინჟინრო სისტემების (კონდენციონერის გარე ბლოკები, გათბობის ქვაბები, ფასადებზე გამოსული სავენტილაციო სისტემები, გათბობის საკვამური მილები, მრიცხველები და სხვა) ერთიანი ორგანიზებული სახის მიცემას და მათ მოწესრიგებას.
კომპანია „მეგავატი“ კონკურსის წესით შეირჩა.