დამკვეთი
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი
მისამართი
ქ. საჩხერე
ფართობი
26 380 მ2
წელი
2025
საჩხერის სტადიონის განახლების პროექტი
რეგიონული განვითარებისა და სპორტის მხარდაჭერის მიმართულებით კომპანია „მეგავატი“ აქტიურად ახორციელებს ინფრასტრუქტურული პროექტებს, რომლებიც ადგილობრივ საზოგადოებას ახალ შესაძლებლობებს უხსნის.
სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნა და განახლება ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც ყოველი ახალი პროექტი ახალ სიცოცხლეს სძენს ქალაქს და ზრდის მისი განვითარების პოტენციალს.
საჩხერის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი პროექტის მთავარი მიზანია არსებული სტადიონის სრულფასოვანი განახლება და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. პროექტი მოიცავს ინფრასტრუქტურის შეფასებას, უეფას II კატეგორიის მოთხოვნებზე მორგებული რეკონსტრუქციის დაგეგმვასა და დოკუმენტაციის მომზადებას — რაც გახდება მყარი საფუძველი შემდგომი სამშენებლო სამუშაოებისა და მაღალი დონის სპორტული ღონისძიებების ჩატარებისთვის.
ახალი სტადიონი საშუალებას მისცემს საჩხერეს უმასპინძლოს არა მხოლოდ საფეხბურთო მატჩებს, არამედ ახალგაზრდულ პროგრამებსა და სხვა სპორტულ აქტივობებს. შედეგად, პროექტი ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ადგილობრივი ეკონომიკის გააქტიურებას და ქალაქის პოზიციონირებას საერთაშორისო სპორტულ რუკაზე.
არსებული სტადიონის ტექნიკური მდგომარეობა მისი დემონტაჟის საჭიროებას ცხადყოფს.
ახალი კონცეფციის შემუშავებისას მაქსიმალურად გავითვალისწინეთ სამშენებლო სამუშაოების წინასწარ დადგენილი სავარაუდო ბიუჯეტი — 5 მილიონ ლარი, რაც უზრუნველყოფს პროექტის ეფექტურ განხორციელებას ზედმეტი ხარჯების გარეშე.
გეოგრაფიულად საპროექტო ტერიტორია ერთ-ერთ ყველაზე ხელსაყრელ ლოკაციაზე მდებარეობს: თბილისიდან — 173 კმ, ბათუმიდან — 227 კმ, ხოლო ქუთაისიდან მხოლოდ 88 კმ-ის დაშორებით. ეს სტადიონს ადვილად მისაწვდომს ხდის როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი გულშემატკივრებისთვის.
ახალი გეგმარებით სტადიონი 2840 მაყურებელს დაიტევს. მოეწყობა 50 VIP ადგილი, ლაუნჯი, მედიაცენტრი, საკომენტატორო და საოფისე სივრცეები. შეიქმნება ორი ტრიბუნა — აღმოსავლეთ და დასავლეთ მხარეს, რომლებიც სექტორებადაა დაყოფილი, რათა ვიზიტორთა ნაკადები მარტივად იმართებოდეს.
სამხრეთის მხარეს განთავსდება ცენტრალური შესასვლელი ტურნიკეტებითა და ბილეთების გასაყიდი ჯიხურით, ხოლო მოწინააღმდეგე გუნდის ქომაგებისთვის — ცალკე შესასვლელი ჩრდილოეთიდან.
აღმოსავლეთ ტრიბუნა მოიცავს ყველა აუცილებელ ფუნქციურ ზონას: ფეხბურთელთა და მწვრთნელთა გასახდელებს, მსაჯების ოთახებს, საკონფერენციო დარბაზს, მედპუნქტსა და დოპინგ-კონტროლის ოთახს — სწორედ აქედან გავლენ სპორტსმენები მოედანზე.
დასავლეთ ტრიბუნაზე განთავსდება ჰიგიენური ზონები, დაცვის ოთახები, Control Room, ორი ლიფტი და კიბე.
სტადიონის დასავლეთ მხარეს დაგეგმილია კომერციული ზონა — პავილიონებით, ჯიხურებით, კვების ობიექტებითა და დასასვენებელი სივრცეებით, რაც არენას მრავალფუნქციურ კომპლექსად აქცევს და მის კომერციულ პოტენციალს მნიშვნელოვნად გაზრდის.








